საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა

18 მარტი 2021, 18:20 1445 ნახვა

საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან:

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. განმეორებითი არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან) პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია.

რა პრობლემები ხვდება ახალ პრეზიდენტს რაგბის კავშირში

ახალ პრეზიდენტს რაგბის კავშირში არაერთი პრობლემა ხვდება. ამის შესახებ კავშირის თანმშრომლები საუბრობენ. ია ხურცილავა (ქალთა ნაკრების მენეჯერი, გამგეობის წევრი): „დიდი ხანია რაც რაგბის კავშირში ვმუშაობ და ასეთი რთული მდგომარეობა აქამდე არ ყოფილა – დაპირისპირება, ფინანსური პრობლემები. ახალ პრეზიდენტთან ერთად შევძლებთ ამ კრიზისიდან გამოსვლას. მის მოსვლას ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ“.

ნატალია კურტანიძე (გამგეობის წევრი): „მთელი წელი ველოდებოდით საარჩევნო პროცესის დასრულებას. ამ პერიოდში ნელ-ნელა გროვდებოდა გადასაწყვეტი საკითხები ყველა სფეროში და იოსებ ტყემალაძეს გადასაწყვეტად დახვდება ამ საკითხების კორიანტელი“.

იოსებ ტყემალაძეს რაგბის კავშირში მძიმე მემკვიდრეობა დახვდება. გარდა ფინანსური პრობლემებისა, ახალ პრეზიდენტს მთელი რიგი საკითხების გადაჭრა მოუწევს – ლექსო გუგავა (რაგბის კავშირის ოპერაციული დირექტორი): „შიდა ჩემპიონატის გაძლიერება, ფრანჩაიზის ჩამოყალიბება, ბავშვთა რაგბი და ა.შ. ეს ყველაფერი ხვდება ახალ პრეზიდენტს. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში და სრული მობილიზებით, მოხდება ამ პრობლემების აღმოფხვრა და დიდი იმედი მაქვს, უმოკლეს დროში“.

პანდემიამ დააზარალა რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის საქმიანობაც. კომიტეტის ხელმძღვანელის, ნიაზ მამრიკიშვილის თქმით, გამოწვევებს შეძლებისდაგვარად გაუმკლავდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა, იმის გაკეთების საშუალება არ მისცათ, რასაც გეგმავდნენ:

„საშეჯიბრო კომიტეტი ასრულებს თავის ფუნქციას და ყველაზე დიდი პრობლემა COVID-19-თან დაკავშირებული სირთულეები იყო. ჩემპიონატი ისეთ წყვეტილ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომ უარესს ველოდით, მაგრამ რეგულაციებით მოვახერხეთ ამ პრობლემის გადალახვა. ის, რომ ოფისის თანამშრომლები უკვე მესამე თვეა უხელფასოდ ვართ, ეს თავისთავად რჩება პრობლემად“.

ერთ წელზე მეტი რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე იყო. კავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის თქმით, ადმინისტრაციამ არსებული რესურსით მაქსიმუმი შეძლო. არსებობდა შიდა ჩემპიონატის შეწყვეტის საშიშროება, თუმცა პრობლემების ნაწილის მოგვარება სახელმწიფოს დახმარებით მოხდა:

„რაგბის კავშირში აგვისტოში შემოვედი. ის არ ფუნქციონირებდა, ჩემპიონატი შეჩერებული იყო. მთავარი გამოწვევა სწორედ ჩემპიონატის განახლება იყო, რაც სახელმწიფოს დახმარებით წარმატებით მოვახერხეთ. პანდემიის და ფინანსური კრიზისის პირობებში, ჩვენ ეროვნული ნაკრებისთვის მოვახერხეთ შიდა თუ უცხოური შეკრებები და გავუშვით „შემოდგომის ერთა თასზე“. დიდი მადლობა სახელმწიფოს, რომ ამ გაჭირვებულ პერიოდში მოახერხა და ბიუჯეტის სახით 17,5 მილიონი დაამტკიცა, მაგრამ აუცილებელია დამატებითი ფინანსები“, - წერია საქართველოს რაგბის კავშირის გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში