პრემიერს დავუდასტურე გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში - გერმანიის ელჩი

22 მარტი 2021, 13:53 807 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები განიხილეს.

'' აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები  საიმედო პარტნიორობას ემყარება, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით.

საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს. პრემიერმა ელჩს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა აღნიშნული სფეროს განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. მე მივულოცე მას ამ თანამდებობის დაკავება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, დაწყებული მისი ვიზიტით ბრიუსელში, დამთავრებული მისი ხედვით საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ შევეხეთ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის საკითხებს. მე დავუდასტურე პრემიერ-მინისტრს გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში როგორც წელს, ისე მომავალში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში