ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირებულია კიდევ 3 თანამშრომელი

25 მარტი 2021, 16:10 1331 ნახვა

ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ზაზა კაიკაციშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი მკურნალობის კურსს ქობულეთის კოვიდ კლინიკაში გადის, ხოლო ინფრასტრუქტურის სამსახურის მთლიანი შემადგენლობა თვითიზოლაციაშია გადასული.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა კაიკაციშვილს, სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ქობულეთის მერიაში ბოლო დღეების განმავლობაში სულ 4 თანამშრომელია ინფიცირებული.

"სულ, ქობულეთის მერიაში, მერიის სხვადასხვა სამსახურში, ბოლო დღეების განმავლობაში დადასტურებულია ჯამში 4 შემთხვევა. ეს შემთხვევები ეპიდ კვლევით ერთმანეთს არ უკავშირდება, წყარო არის სხვა არასამსახურეობრივი კონტაქტები. ჩატარდა ეპიდ კვლევა, განისაზღვრა რისკის შემცველი კონტაქტები და გადასულები არიან თვითიზოლაციის რეჟიმში, ისინი ონლაინ იმუშავებენ. სამსახური ფუნქციონირებას აგრძელებს“ - განაცხადა ნონა ეფაძემ. 

მერიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგების ჯგუფი მუშაობს. მათივე განცხადებით, ეტაპობრივად მოხდება სავალდებულო ტესტირება. სრულად გაიტესტება მერიის თანამშრომლები .

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამომადგენელმა  აჭარის მაუწყებელს განუცხადა, რომ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული  ქობულეთის მერის ერთი მოადგილე და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, ყველა შესაძლო კონტაქტირებული პირი უნდა იყოს თვითიზოლაციაში, სანამ დაწესებული საინკუბაციო პერიოდი არ დასრულდება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში