1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა - ექსპერტთა შეფასებები და მოლოდინები

30 მარტი 2021, 17:41 1623 ნახვა

ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3846 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0272 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც წინა დღეებში მოქმედებდა 3.3718 ლარი იყო.

FAO-ს ფასების ინდექსის მიხედვით თებერვალში, კალათის ყველა პროდუქტზე ფასებმა მოიმატა. განსაკუთრებული მატება დაფიქსირდა ზეთზე, მარცვლეულზე, შაქარზე, რძესა და რძის პროდუქტებზე.

ლარის გაუფასურება უკვე აისახა საწვავის ფასზეც, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ პროცესი ასე გაგრძელდა იმპორტირებულ პროდუქტზე ფასები კიდევ უფრო მოიმატებს.

ეკონომიკის ექსპერტის ნიკოლოზ მჭედლიშვილის  შეფასებით, ლარის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია თურქეთში მიმდინარე პროცესებთან.

"ჩემი აზრით ეს თურქეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება, რადგან ისინი ჩვენი სავაჭრო პარტნიორებია და პირდაპირი ზეგავლენა აქვს ჩვენს კურსთან. იქ დაახლოებით 10%-ით არის გაუფასურებული ლირა. არა მგონია ეს საპანიკო იყოს, რადგან ეროვნულ ბანკს რამდენიმე მილიარდი დოლარის რეზერვები აქვს"-განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

მისივე შეფასების ფასების იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზრდა გარდაუვალია, თუმცა ის თუ რა სისწრაფით მოხდება ეს დამოკიდებულია იამზე, თუ რა მარაგები აქვთ კომპანიებს.

"დევალვაციას მოჰყვება იმპორტირებული საქონელის გაძვირება, ეს ცხადია გარდაუვალია. ბენზინის შემომტანები საწვავს ყიდულობენ დოლარში, გაძვირებას უნდა ველოდოთ. ის სურსათი რომელიც ადგილობრივი წარმოებისაა, ნაკლებადაა დამოკიდებული ამ რყევებზე, თუმცა ის, რომელიც შემოგვაქვს, მაგალითად ფქვილი იქაც უნდა ველოდოთ მატებას. ფქვილი გაძვირდება.

 

ფასების მატების სისწრაფე დამოკიდებული იქნება კომპანიების მარაგებზე. ზოგს აქვს ბევრი მარაგი, ზოგს ნაკლები და ადრე გააძვირებს. არის ხეჯირების მომენტიც, აქვთ მარაგი, მაგრამ თავისი რისკების დაზღვევა რომ მოახდინოს ახლავე აძვირებენ, რომ შემდეგ იგივე რაოდენობის საქონლის ყიდვა შეძლონ"-აცხადებს ეკონომისტი.

ეკონომიკის ექსპერტი ვარაუდობს, რომ თუ თურქეთში სიტუაცია დასტაბილურდება ლარის გაუფასურებაც შეჩერდება. 

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორიც მიიჩნევს, რომ ხორბალზე ფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია ლარის კურსთან.

თუმცა მიუხედავად ამისა, ლევან სილაგავა აღნიშნავს, რომ მომდევნო სამი თვე სუბსიდირების პროგრამის დახმარებით ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი არ მოიმატებს.

"ცხადია, რომ ხორბლის ფასზე ეს ყველაფერი აისახება, რადგან ჩვენ დიდი რაოდენობით ხორბალი გვაქს იმპორტირებული, წელს ადგილობრივი ხორბალი ამოიწურა და შესაბამისად რა თქმა უნდა აისახება გაძვირების მხრივ.

ხვალ მთავრდება 4 თვიანი სუბსიდირების პროგრამა, თუმცა დღეს ჩატარდა ტენდერი შემდეგ სამ თვეზე ყოველდღიური მოხმარების პურზე. შესაბამისად ალბათ დღეს საღამოს იქნება შედეგები და მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი არ გაძვირდება"-განაცხადა ლევან სილაგავამ.

საქართველოს თვეში 30 000 ტონა ფქვილი ჭირდება, ტენდერი კი 10 000 ტონა ფქვილის სუბსიდირებაზეა გამოცხადებული. რაც შეეხება დარჩენილ 20 000 ტონას სილაგავას განმარტებით, აქ თავისუფალი ბაზრის პრინციპი მოქმედებს.

" დანარჩენილ 20 000 ტონა იყიდება თავისუფალი ბაზრის პრინციპით, მასზე არ მოქმედებს სუბსიდირება და შესაბამისად მისი ფასი ხორბლიდან გამომდინარე გაზრდილია ისედაც, დღეს ერთი ტომარას ღირებულება 68-69 ლარია და კიდევ გაგძელდება. ეს შეეხება არა ყოველდღიური მოხმარების პურს, არამედ როგორიცაა მაგალითად გერმანული პური, ავსტრიული პური, ნამცხვრები, ტორტები, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად არ მოიხმარს და მასზეე პროგრამა არ ვრცელდება

ფასების დასტაბილურობას ხელს უშლის ლარის დევალვაცია"-განაცხადა ლევან სილაგავამ.

ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ხორბლის ფასმა შესაძლოა დაიკლოს 1 ივლისის შემდეგ, რადგან ამ დროს მოსავლის აღება იწყება და ბაზარზე ახალი ტენდენციები იკვეთება, თუმცა აქ არც იმას გამორიცხავენ, რომ ლარის გაუფასურების გამო ხორბლის ფასზე კლების ტენდენცია ნაკლებად შესამჩნევი იყოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში