ნაცაქტივისტებს არც პოზნერი ადარდებთ და არც აფხაზეთი, სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ - მდინარაძე

01 აპრილი 2021, 12:27 1152 ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ნაცაქტივისტებს არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში, ტურისტული ვიზიტით, აშშ მოქალაქის პასპორტით და კოვიდრეგულაციებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის თანხლებით იყო ჩამოსული. 

მისივე განმარტებით, ​ კოვიდშეზღუდვების მოთხოვნების დარღვევის დროს კი რეაგირება მოხდა და ისინი დააჯარიმეს.

''ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. ოღონდ მანამდე, უნდა ვიმსჯელოთ მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. გახსოვთ ალბათ მისი სიტყვები. უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის – პროტესტანტი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ. 

დასაფიქრებელია ასევე რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახლგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანია;

უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში, პუტინთან ერთად ,,პაკლონნაია გარაზე'' მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის, ვიმსჯელოთ, უნდა ჰქონდეს თუ არა კაგებეს სამჭედლოში, მგიმოში გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის უფლება;

უნდა ვიმსჯელოთ, რა ვუქნათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმითვე ფეესბეს რევოლუციიის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს;

უნდა მოვიფიქროთ, რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს;

თუ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ყველანი ერთად, კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროცესი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში