„ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს

16 აპრილი 2021, 17:17 1190 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდი დამატებით გამოხატავს მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი ამოქმედდეს.

''ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. 

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნებით არის გამყარებული.  გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით. 

ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახე შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

30 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი მედიაცია უშედეგოდ დასრულდა. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში