შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ - ნაციონალური მოძრაობა

19 აპრილი 2021, 21:23 932 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი ბოლო დოკუმენტის ხელმოწერის საკითხზე იმსჯელეს. 

სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრებმა კომენტარები გააკეთეს.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, შეთანხმებაზე მას შემდეგ ისაუბრებენ, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გათავისუფლდება.

"ვერანაირ შეთანხმებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია იმყოფება ციხეში. ასე რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ შეთანხმებამდე მივიდეთ,“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

რომან გოცირიძის განცხადებით, ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და არ უნდა იყოს მოლაპარაკების პროცესში მძევლის როლში.

"პარტიის პილიტსაბჭოში ასზე მეტი ადამიანია და ბუნებრივია, ერთი აზრი არ იქნება. ყველაფერი გაირკვევა მალე. მთავარია, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და ის მოლაპარაკების პროცესში მძევლის როლში არ უნდა იყოს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიაში საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

"პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა. ამ განხილვებს და ამ ხელმოწერას უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია, რომელიც დღეს პოლიტდევნილი და პოლიტპატიმარია. სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო მოხდა მისი დაკავება. უნდა დატოვოს ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება და მან უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმების შემთხვევაში ამ დოკუმენტს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმ შემთვევაში დაინიშნება, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში