საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა

24 აპრილი 2021, 15:15 1722 ნახვა

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ '' ქართლმა ოცნებამ'' კახა კუჭავა წარადგინა.

თალაკვაძის განმარტებით, მისი ადგილი პარლამენტის დარბაზშია და არა სპიკერის პოზიციაზე.

''იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, მე პარტია “ქართულ ოცნებას” წარმოვადგენდი - ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია.

ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე'' - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მისთვის პატივი იყო მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობა. თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა გუნდსა და მოქალაქეებს.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში