ქართული ჯარი 30 წლისაა

29 აპრილი 2021, 12:23 1181 ნახვა

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 30-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების შესრულებისას დაღუპულ ქართველ სამხედროებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 30 წელია სამხედროები, საქმითა და თავდადების პირადი მაგალითებით ამტკიცებენ, რომ ქართველებს სამშობლოს დაცვა სისხლში აქვთ გამჯდარი.

„დღევანდელი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის პატრიოტიზმს და მუდმივ მზაობას, დაიცვას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ხალხის თავისუფლება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი ღირსეული წვლილი შევიტანოთ მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებაში.

განვლილი 30 წლის განმავლობაში, ოკუპაციისა და გამოწვევების მიუხედავად, მიღებული გამოცდილებით, შრომითა და თავდადებით, წვრთნებით და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობით თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა როგორც თანამედროვე, მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი და ნატო-სთან თავსებადი ძალა. ის დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ნდობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სამხედროებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნის, მისი ხალხის ერთგული და ამდენად ერთიანობის უდიდესი მაგალითი.

'' დღეს ჩვენ გვყავს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები, რომელიც მრავალი წელია მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. საერთაშორისო პარტნიორები, ყველა ნდობას უცხადებს ქართულ ჯარს, ანუ ნდობას უცხადებს საქართველოს. ეს 30 წელი იყო ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და გამოცდის მძიმე წლები, მისი ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის, ეროვნული ღირსებისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა ჩვენი დასავლური, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის, ღირსეული მომავლისთვის, ამიტომ საზღაურიც იყო დიდი. მრავალი გაღებული სიცოცხლე, დაკარგული ჯანმრთელობა, დაობლებული ოჯახები. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​პრეზიდენტმა  ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძე დააჯილდოვა.

 


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში