''პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო" - ნიკა მელია

10 მაისი 2021, 18:29 1305 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა, ელემენტარული საკითხი იყო. იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყენაში მოსახლეობას აწუხებს, ეს რა მოსატანია, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ. ბუნება ჩანს ამ ხელისუფლების წვრილმან დეტალშიც კი, რასაც ამხელა გაუგებრობა მოჰყვა", - აცხადებს ნიკა მელია.

მელიამ, ყველა პოლიტპატიმარს და პატიმარს გათავისუფლება უსურვა.

"გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტპატიმარს და პატიმარს, განურჩევლად იმისა, რა სასჯელს იხდიან, ცხოვრებაში შეცდომა ყველას მოსდის, ადრე თუ გვიან გათავისუფლებას ვუსურვებ და საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებული თუ არა, თუმცა ამ ციხეში, რომელშიც მე გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმრებია და მათ ვუსურვებ გათავისუფლებას.''

ნიკა მელიამ, საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს მისი გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ასევე მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა თქვენ, ყველა გულშემატკივარს, ვინც ქვეყანაში სტაბილურობას გულშემატკივრობს. არა მძიმე სტაბილურობას, არამედ, ნორმალური ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას. მადლობას გადავუხდი და რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მე მას, როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს. ამას აქვს თავისი მიზეზები რატომაც ვუსვამ ხაზს, მის პროფესიონალიზმსაც. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც მას შეაქვს ამ მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. თუმცა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს, ეს არის ადამიანი, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება. მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა ბევრი თვალსაზრისით, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ, რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია, ეს შედეგი დამდგარიყო, როგორიც დადგა, ვგულისხმობ საერთაშორისო გამოხმაურებებს“, - განაცხადა მელიამ.

მელიას მხარდამჭერები და მედია ციხის მთავარ შესასვლელთან ელოდა, თუმცა ის სხვა გასასვლელიდან გამოიყვანეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში