საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის პასუხისმგებლობას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე.
დავით ზალკალიანის თქმით, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.
''წლევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებული და უპრეცედენტოა, რადგან პირველად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიც არის „ოკუპაცია“. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ მინისტრთა კომიტეტი ასევე მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებლი სახელმწიფო, პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, არასათანადო მოპყრობასა და უკანონო დაკავებაში, ქართველების სახლების ძარცვასა და დაწვაში, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოპყრობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში. როგორც ხედავთ, ძალიან მკაცრი შეფასებებია“,- განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო.