პანდემიით დაზარალებული საწარმოებისთვის საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს - პრემიერი

17 მაისი 2021, 11:15 956 ნახვა

დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლითაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს 85 მლნ ევროს შეღავათიანი პირობებით-ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დახმარება გათვალისწინებული იქნება პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის.

მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის, ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტური საშუალება. 

"შეთანხმება მიღწეული იქნა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის უშუალო ჩართულობით. ჩვენ ამ პროცესში დონორებისგან მივიღეთ მნიშვნელოვანი დახმარება პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად. მე მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონულ დირექტორს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის. პროექტის ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სიპი "აწარმოე საქართველოში".

ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ დამატებით სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს პერიოდში"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში