საქართველოს დელეგაციამ მადრიდში მონაწილეობა მიიღო პრეზენტაციაში „საქართველო - ღვინის აკვანი“

20 მაისი 2021, 12:22 1210 ნახვა

საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პრეზენტაციაში - „საქართველო - ღვინის აკვანი“, რომელიც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნესსკოლაში - მადრიდის IE უნივერსიტეტში გაიმართა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, ბიზნესის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ქართული ღვინის ისტორიაზე ისაუბრეს.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის წარმატების ისტორიით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ბიზნესსკოლის დაინტერესების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდას და მის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

„ ეს ხელს შეგვიწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციაში, რამდენადაც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან ბიზნეს განათლებით დაინტერესებული, გაიცნობენ ამ მაგალითს და ეს ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა იმ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ, რომლის გადადგმა ღვინის ინდუსტრიაში უახლოეს მომავალში იგეგმება. მისი განმარტებით, გარდა იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ღვინის წარმოების განსაკუთრებული მეთოდები გააჩნია, საჭიროა მეტი კომერციალიზაცია და გრძელვადიან გეგმაში აქცენტი სწორედ ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზე გაკეთდება.

ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო ტურიზმის გამოფენის შესახებ, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. მინისტრმა ტურიზმის ინდუსტრიაში გამოკვეთილ ახალ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზენტაციას „საქართველო - ღვინის აკვანი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში