აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

20 მაისი 2021, 13:07 1595 ნახვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

შესაბამისად, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, ელგუჯა ბაგრატიონი, მედეა ვასაძე, მამული სურმანიძე კვლავ უმაღლესი საბჭოს წევრებად რჩებიან.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ირაკლი ჩავლეიშვილმა. მან არსებულ სიტუაციას სპექტაკლი უწოდა.

"ვთვლი, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში, ეს არის ის მანდატი, რომელიც ხალხმა მიანიჭა დეპუტატს.

ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. მე პატივს ვცემ ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებას ბოიკოტთან დაკავშირებით. 

 ყველაფერი რაც დღეს ხდება მე სპექტაკლი მგონია. ეს მაგონებს, როცა პატარა ბავშვს საჭმელის ჭამა არ უნდა და აძალებენ ფაფას. როცა მშობლები ვერაფერს ხდებიან, მოყავთ ბებია და ბაბუა და საბოლოო ჯამში  ბავშვი მაინც ჭამს ფაფას.

 

ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული.  ყველა მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ თუ მათ არ უნდათ მანდატები ეს მათი გადასაწყვეტია. აქედან გამომდინარე მე არ ვაპირებ არ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას"-განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ირაკლი ჩავლეიშვილს არ დაეთანხმენ მისი კოლეგები. 

"ისინი დარჩებიან ისეთივე უპასუხისმგებლოები როგორებიც იყვნენ, თუმცა ჩვენ ვაჩვენებთ კეთილგონიერებას, ამიტომაც ვართ ჩვენ დღეს ხელისუფლებაში, რომ შეგვიძლია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები და ისინი ვერასოდეს ვერ იქნებიან ხელისუფლებაში"-განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

აღნიშნული საკითხი შესაძლოა 1 თვეში ისევ დადგეს დღის წესრიგში. ვინაიდან კანონის თანახმად, სესიის დასრულებისას შეჯამდება დეპუტატთა სწრებადობა და თუ ისინი არ გამოცხადდენ საკანონმდებლო ორგანოში მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში