გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას - აშშ-ს პრეზიდენტი 

26 მაისი 2021, 11:02 1030 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

''ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას.

ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში.

ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა” - ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში