მიმდინარე წელს ნავარაუდევია ეკონომიკური 6,5%-ით ზრდა - ფინანსთა მინისტრი

31 მაისი 2021, 14:35 1083 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზზე ისაუბრა. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, დინამიკა ოპტიმისტურია და ეკონომიკის 4%-იანი ზრდა ჯერ კიდევ მატრში დაფიქსირდა.

მინისტრი ამბობს, რომ პროგნოზის სამი სცენარი არსებობს: საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური.

''ამჟამად, ჩვენი წინა პროგნოზი უკვე რჩება პესიმისტურ სცენარში. რაც შეეხება საბაზისო, ანუ მთავარ სცენარს, განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს ნავარაუდევია 6,5%-ით, რაც არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს იყო წინა პროგნოზებში.

მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე შევამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს 7,1%-მდე, ადრე არსებული 7,6%-დან. ეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით.

ოპტიმისტურ სცენარში ნავარაუდევია, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა შეადგენს 10,2%-ს და აღნიშნული სცენარი ითვალისწინებს მიმდინარე წელს ტურიზმის სფეროს სწრაფ აღდგენას. კონკრეტულად, 2019 წლის 40-45%-ის დონეზე, რაც სავსებით რეალურია. ის ასევე ითვალისწინებს ეკონომიკის დინამიკის ზრდას სხვა სექტორებში.

აღნიშნული ზრდა გადანაწილდა პრაქტიკულად ყველა სექტორზე. ბუნებრივია, განახლებული პროგნოზები ითვალისწინებს პოზიტიურ ცვლილებებს ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მიმართულებით. ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც გაუმჯობესდება, ასევე მთავრობის ვალის შემცირების დინამიკა კიდევ უფრო სწრაფი იქნება. სწორედ აღნიშნული პროგნოზებზე დაყრდნობით დაიწყება ბიუჯეტში ცვლილებების პროექტისთვის მზადება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში