გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და სუს-ს მიმართეს

07 ივნისი 2021, 14:40 740 ნახვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სატელევიზიო ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ გაავრცელა შესაძლო დანაშაულის შემცველი ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წლის თებერვალში, მზადდებოდა შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, რაში თანამონაწილეობისთვისაც ბრალი დასდო გიორგი გახარიას, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს.

''აღნიშნული ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს პოლიციასა და თავდაცვის ძალებს, სახელმწიფოს შიდა უსაფრთხოებასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

გარდა აღნიშნულისა, როგორც ირაკლი კობახიძის ინტერვიუდან ირკვევა, ის უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში ფლობდა ამ ინფორმაციას, რაზეც რეაგირება არ მოუხდენია მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი ვალდებულება გააჩნდა, რადგან დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დასჯად ქმედებას.

აღნიშნული ინფორმაციის, ირაკლი კობახიძის მიერ 4 ივნისის ეთერში გაჟღერება საეჭვოდ ემთხვევა მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერების თითქმის 4 თვის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს, რომელთა თანახმად, ისინი ელოდებოდნენ გიორგი გახარიას პოლიტიკაში გააქტიურებას, მის პოზიციონირებას და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდნენ შეფასებებს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში გაჟღერებული ეს ბრალდებები, შესაძლოა, პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციასა და პოლიტიკური ნიშნით მის დევნას ემსახურებოდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ:

-         დაიწყოთ გამოძიება მასმედიაში გასულ შესაძლო დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე.

-         გამოძიება ჩატარდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

-         გონივრულ, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გაეცეს პასუხი მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს აქვს თუ არა რაიმე საფუძველი, რადგან ყოველი დაგვიანებული დღე აზიანებს ჩვენი პოლიციისა და თავდაცვის ძალების ავტორიტეტს, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზე.

-         გაჟღერებული ბრალდებების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მოხდეს იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა, რომელთაც მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, შესაძლოა, ცრუ დასმენა განახორციელეს''- წერია განცხადებაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში