"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში მივიდნენ

08 ივნისი 2021, 15:58 925 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ. ისინი დღეიდან საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

„ვაპირებთ დღეს სხდომათა დარბაზში შესვლას, ჩვენი კოლეგები მოდიან. როგორც მივხვდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს. წყნარად, მშვიდად ავალთ ფრაქციის ოთახში, შემდეგ შევალთ დარბაზში. ჩვენ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით არ მივდივართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ჩვენ ვართ ძალიან დიდი ოპოზიციური ძალა. დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას. ამნისტიის კანონპროექტის გადადება გულისხმობს იმას, რომ მათ შეეშინდათ სხდომათა დარბაზში ჩვენი შესვლის"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტში მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეც. ნიკა მელია ჟურნალისტებს საინტერესო განცხადებებს დაპირდა.

"პირობას გაძლევთ ძალიან საინტერესო ბევრ განცხადებას მოისმენთ, დღესაც, ხვალაც...

თქვენი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში ისეთი საინტერესო პერიოდი, რაც მომდევნო 4 თვე გელოდებათ პირობას გაძლევთ არ გქონიათ"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოსთან სირცხვილის კორიდორით დახვდნენ.

პარლამენტთან დილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ არაპრინციპულობას აპროტესტებენ. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში