ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოში ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა

09 ივნისი 2021, 14:03 1020 ნახვა

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა. 

ვახტანგ მახარობლიშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2000 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა.

2016 წლიდან იგი იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2019 წლის 8 ივლისიდან კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. იგი კურირებდა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებას, ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ფორმატებს, მათ შორის ასოცირების კომიტეტს, ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებებს, მაღალი დონის უსაფრთხოების სტრატეგიულ დიალოგს, ადამიანის უფლებებზე ევროკავშირთან დიალოგს და სხვა.

უწყებრივ კოორდინაციას უწევდა ასოცირების შესრულებისა და ევროკავშირის დახმარების საკითხებს.

2012 -2016 წლებში, ვახტანგ მახარობლიშვილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ამასთან, 2013 წელს იგი გახლდათ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.

2005 -2009 წლებში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი გახლდათ, ხოლო 2009 - 2012 წლებში იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში