აქ შემოვედი იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან - ნიკა მელია

09 ივნისი 2021, 17:43 750 ნახვა

მე შემოვედი ამ დარბაზში ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე სათითაოდ გაგიყვანოთ აქედან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება -  ასე მიმართა ნიკა მელიამ ტრიბუნიდან უმრავლესობის დეპუტატებს. 

,,ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით პირველად გამოვიდა. 

თქვა, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან მისასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მოუწია.

''ეს რომ სხვაგვარად იყოს, ალბათ გასაკვირი იქნებოდა, რადგან ამ დარბაზში მსხდომთა ძალიან დიდმა ჯგუფმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღო მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმის ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილებაში. თუმცა ჩემი, თქვენგან დასაჭერად გადადებულის, დისკომფორტი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, თუ რა დისკომფორტს განიცდის დღეს ჩვენი ხალხი და რას გრძნობს ხალხი, რომელიც იძულებულია, ამ თავყრილობას პარლამენტი უწოდოს თანაც ისე, რომ, იცოდეს, ეს ყველაფერი რაც აქ ხდება, არ შეესაბამება, არ გამოხატავს, არ ასახავს მათ ნება-სურვილებს და მისწრაფებებს.

ერთადერთი ის, რის გამოც დღეს მე აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანა – მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით ნაკლებად დაგაფრთხოთ, ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად'' - თქვა ნიკა მელიამ. 

''ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარის განცხადებით, ''ქართული ოცნების'' დამარცხება ეროვნული ამოცანაა. ოპოზიცია კი საერთო მიზნის გარშემო კვლავ გაერთიანდება. 

ნიკა მელიამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება აღარ ექნებოდათ. 

''ერთი წამით არ ჩათვალოთ, რომ მე თქვენზე გაბრაზებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც როგორც მაუზერიანმა ბოლშევიკებმა მიიღეთ ორჯერ გადაწყვეტილება, იგივე ხდებოდა 30-იან წლებში, როცა ხვრეტდნენ თავიანთ კოლეგებსაც კი. მე თქვენ არ აღგიქვამთ როგორც კოლეგებს, პოლიტიკოსებს.

მე ასე ვხედავ ამ ქვეყნის განვითარებას. ერთია, რომ ქვეყანა ოლიგარქის კლანჭებიდან ვიხსნათ და მეორეა, რომ ქვეყანა მართლაც იმართოს ერთობლივად. თქვენი, როგორც რეჟიმის წარმომადგენილების დამარცხება, რომლებიც ხართ ოლიგარქის მსახურებაში, თუკი სადმე შემიძლია პატივი დაგდოთ არის ეს - ჩვენი მხრიდან თქვენი დამარცხება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვიწროპარტიული ამოცანა და ეს მგონი პატივია უკვე თქვენთვის. თქვენი დამარცხება უკვე არის ეროვნული ამოცანა, თითოეული ჩვენგანის, ვინც ოპოზიციაში ვართ.

მიუხედავად იმისა, რომ ცდილობთ ერთმანეთს წავეკიდოთ, ხელებს იფშვნეტს ყველა, განსაკუთრებით ოლიგარქი, თქვენ ნახავთ უახლოეს პერიოდში საერთო მიზნის გარშემო კვლავ გამოვნახავთ უნარს, რომ ამ მავნებელი რეჟიმის წინააღმდეგ გავერთიანდეთ'' - განაცხადა მელიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში