საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ვიცით, გვყავს მეგობარი, რომელიც ამ რთულ გზაზე მოგვყვება - სალომე ზურაბიშვილი 

11 ივნისი 2021, 12:08 1568 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა, მოგვიანებით კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. 

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელი საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 

''თქვენი პირველივე ვიზიტისას მოვაწერეთ ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ვიცით, რომ გვყავს მყარი მეგობარი, რომელიც ამ რთულ გზაზე მოგვყვება.

ეს წელი არის ძალიან გადამწყვეტი, საქართველოსთვის, პოლიტიკურად, მნიშვნელოვანი წელი - ჩვენ დავძლიეთ შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირმა. ეს იყო იმის ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოსა და რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობა. ეს ნიშანი არასდროს არ უნდა დავივიწყოთ.

ეს წელი მნიშვნელოვანია საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში, რადგან ოქტომბერში არჩევნები გვექნება. უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს სტაბილურობა კიდევ გაღრმავდება.

ნატო-ს სამიტი იმართება 14 ივნისს, მომავალ კვირას და აქაც ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოსა და უკრაინის და ღია კარის პოლიტიკის საკითხი იყოს ამ სამიტის ფარგლებში ნახსენები და ასევე მივიღოთ იმის ნიშნები, თუ რა გზით და რა ფორმით ვაგრძელებთ ჩვენს საინტეგრაციო გზას. საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს ყველაზე მეტად და რომელზედაც ვისაუბრეთ და მნიშვნელოვანია ურთიერთობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში, ეს არის კიბერუსაფრთხოება და ამ კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას და ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ასევე განვიხილეთ'' - განაცხადა პრეზიდენტმა.  

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციები და მოქალაქეების გატაცება გრძელდება.

''სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არა თუ ვხედავთ რამე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები. გახელაძის მაგალითი არის ასეთი. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე ინახულა საოკუპაციო ხაზი, შეხვდა ადამიანებს და გაეცნო მათ მძიმე მდგომარეობას. საოკუპაციო ხაზზე, ფიზიკური მისვლა ალბათ, ძალიან ბევრის მეტყველია და ჩვენს მეგობრებსა და სტუმრებს აჩვენებს, თუ რამდენად მძიმე და რთულია მდგომარეობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა დღეს ორბელიანების სასახლეში „საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში