ლარის კურსი - მთავრობის გეგმა

15 ნოემბერი 2016, 00:00 3736 ნახვა

დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით მთავრობის ერთობლივი სამოქმედო გეგმა უახლოეს დღეებში გაცხადდება - მთავრობის ადმინისტრაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ლარის კურსის დროებითი ცვლილება გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:  მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციით. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, და ექსპორტით. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნით, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან სპეკულაცია. განცხადებაში საუბარია, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ იზრდება. გასულ თვეში კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ფასების კლება დაფიქსირდა. მთავრობა ყველაზე მწვავე პრობლემად სასესხო პორტფელის გადაჭარბებულ დოლარიზაციას ასახელებს. საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად გეგმავს კომპლექსური ზომების გატარებას. როგორც განცხადებაშია განმარტებული,  მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე იქნება გადატანილი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. 

ამავე კატეგორიაში