ნატოს სამიტი

14 ივნისი 2021, 11:25 793 ნახვა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში იკრიბებიან. სამიტის დღის წესრიგში არის საქართველოს საკითხიც. „ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მასში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე.

ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამიტზე ასევე აქცენტი რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე, ზეწოლაზე, ტერორიზმის საფრთხესა და კიბერთავდასხმებზე გაკეთდება.

ბრიუსელის სამიტის პარალელურად ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ბრიუსელის ფორუმში“. პრემიერი ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში