ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ

16 ივნისი 2021, 10:33 1005 ნახვა

 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. „გადაჭრით ვუპასუხებთ ნეგატიური ქცევისა და მავნე საქმიანობის იმ მოდელს, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იყენებს“ - ამის შესახებ საუბარია ამერიკა-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც ლიდერები რუსეთთან მიმართებაში თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.

განცხადებაში მკაცრად არის დაგმობილი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები. მათი განცხადებით, ერთიანი პოლიტიკისა და ქმედებების კოორდინაციის მიზნით, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რუსეთის შესახებ მაღალი დონის დიალოგი დაიწყება.

აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში  გაიმართა. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტში აშშ-ის მხრიდან მონაწილეობას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში