ბაიდენი-პუტინის შეხვედრა და პრესკონფერენცია

17 ივნისი 2021, 10:42 1433 ნახვა

შვეიცარიაში, ტბისპირა ვილაში ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა. შემდეგ კი ორივემ ცალ-ცალკე პრესკონფერენციაზე ისაუბრა პირველ შთაბეჭდილებებზე.  „მე ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს თვალებში უნდა ჩავხედოთ, სული დავინახოთ და ერთმანეთს მარადიული სიყვარული შევფიცოთ“, - ასე უპასუხა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს 2014 წელს ჯო ბაიდენის ნათქვამი შეახსენა, იმის შესახებ რომ მან პუტინის თვალებში სული ვერ დაინახა. პუტინმა თქვა, რომ ეს ფრაზა არ ახსოვს.

ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ერთობ გამწვავებულია. სულ რამდენიმე თვის წინ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა. ამის შემდეგ ორმა ქვეყანამ ელჩები გამოიწვია. გუშინ პუტინმა თქვა რომ შეხვედრაზე ელჩების უკან დაბრუნებაზეც ისაუბრეს, თუმცა ამ ინფორმაციას თეთრი სახლის დასტური ამ დრომდე არ მოჰყოლია.

პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინს უკრაინის შესახებაც ჰკითხეს, კერძოდ კი მის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. მისი თქმით, აქ არაფერია ხელშესახები ისეთი, რაც შეიძლებოდა განხილვის თემა გამხდარიყო. მან კიევი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კონფლიქტის ესკალაციაში. აშშ-ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა მხარეებმა კონსტრუქციული ფორმით გამოხატეს თავისი პოზიციები.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ მან ადამიანის უფლებების საკითხზე გააკეთა აქცენტი პუტინთან მოლაპარაკებებზე. მათ შორის, მისი თქმით, ილაპარაკეს რუსეთში პატიმრობაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებზე, რომლებიც „უკანონოდ არიან დაპატიმრებული“. ბაიდენის თქმით, მან შეხვედრაზე თქვა, რომ მომავალშიც გამოხატავს შეშფოთებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული გარემოებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში