გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

17 ივნისი 2021, 11:02 795 ნახვა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში, 75-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. საქართველოს ინიციატივით, რომელსაც სხვა ქვეყნებიც უერთდებიან, ეს დოკუმენტი გაეროს გენერალურ ასამბლეას 2008 წლიდან წარედგინება. წელს თანაავტორთა რიგებს შეუერთდა 57 ქვეყანა.

გაეროს რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს ყოველწლიური მოხსენების მომზადებას საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში