''იქნება დიდი უარყოფითი რეაქცია, გამოვა 100 000 ადამიანი'' - ლევან ვასაძე ''თბილისი პრაიდზე''  

22 ივნისი 2021, 17:44 1593 ნახვა

თუ თბილისი პრაიდი გაიმართება იქნება დიდი უარყოფითი რეაქცია, გამოვა 100 000 ადამიანი -  ეს განცხადება მოძრაობა ,,ერთობა, რაობა, იმედის'' დამფუძნებელმა დღეს ქობულეთში გააკეთა. ლევან ვასაძის თქმით, დაგეგმილი ღონისძიების გასაუქმებლად ხელისუფლებას 10 დღიან ვადას აძლევენ.

მისივე განცხადებით, წინააღმდეგ შეთხვევაში უმცირესობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან, თუმცა რა ფორმით ვასაძემ ეს არ დააკონკრეტა. 

''ჩვენ თანმიმდევრულად ვიქცევით. მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 2 მუხლის გამოყენებით შეიზღუდოს ეს ე.წ თვითგამოხატვის და შეკრების თავისუფლება, რადგან იგი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ მორალს და ვთქვით, რომ 10 დღე დაველოდებით, რომ მათ ბათილად გამოაცხადონ ე.წ პრაიდის ღონისძიება.

პირველი დადებითი სიგნალი მივიღეთ, როცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. ახლა ველოდებით აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, რადგან პრემიერის დაქვემდებარებაშია მსგავსი ღონისძიებების გაუქმება-არგაუქმების საკითხი. თუ 25 ივნისამდე ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს ჩვენ შესაბამის განცხადებებს გავაკეთებთ და შესაბამის მოქმედებებს მოვიმოქმედებთ. ჩვენ აღვუდგებით წინ, ამ სრულიად მიუღებელი, ღონისძიების ჩატარებას საქართველოში რა სახით ამას ნახავთ.

გამოვა მთელი საზოგადოება, იქნება დიდი უარყოფითი რეაქცია, გამოვა ასი ათასობით ხალხი და ეს არავის არ აწყობს, ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირება სექსუალური რადიკალების მხრიდან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია.'' - განაცხადა ვასაძემ. 

ლევან ვასაძე დღეს ქობულეთში იმყოფება და მოსახლოებას ხვდება. შეხვედრა ''ჯორჯიან პალასში"  დახურულ კარს მიღმა იმართება. ,,ერთობა, რაობა, იმედის'' დამფუძნებელმა განაცხადა, რომ საზოგადოებას მოძრაობის ხედვასა და სამომავლო გეგმებს აცნობს. 

''დავდივართ საქართველოს რეგიონებში და შეხვედრებს ვმართავთ. ერთი და იგივე ქალაქში და დაბაში არ ვაპირებთ მხოლოდ ერთხელ ჩასვლას, ეს მუდმივი პროცესია. ვაპირებ, რომ სამუშაო კვირის ორი, ზოგჯერ სამი დღე დავუთმო რეგიონებში მოგზაურობას. 

შეხვედრაზე მოდის ადგილობრივი ინტელიგენცია, კულტურის, ბიზნესის წარმომადგენლები, მოდიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის პროგრამა და ხედვა აინტერესებთ. ხდება გაზიარება იდეოლოგიური და საპროგრამო დებულებების, რომლებზეც აგებულია ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა, გარდა ამისა ვსვამთ კითხვებს ჩვენი მხრიდან და ვცდილობთ უფრო ღრმად გავეცნოთ ადგილობრივ პრობლემატიკას, თუ რა აწუხებთ ამა თუ იმ რეგიონს და ქალაქს'' - განაცხადა ლევან ვასაძემ. 

ეყოლება თუ არა საზოგადოებრივ მოძრაობას დეპუტატობის ან მერობის კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ეტაპზე უცნობია.

''მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივი მოძრაობის საბჭოზე. გადაწყვეტილებას აქვს თავისი მკაფიო პლუსები და მინუსები. მთავარი ამოცანა იყო და არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. გადაწყვეტილებას დროულად და საჯაროდ გამოვაცხადებთ'' - განაცხადა ვასაძემ. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში