პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში

25 ივნისი 2021, 18:06 857 ნახვა

შიდა და საგარეო პოლიტიკა, პანდემია და პანდემიით გამოწვეული კრიზისი, ამ და სხვა საკითხებზე საუბარს პარლამენტში  პრემიერმა თითქმის ერთი საათი დაუთმო. მან კანონმდებლებს დღეს ანგარიში ჩააბარა. თქვა, რომ ურთულესი პერიოდის მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა, პოლიტიკური ვითარება კი  მეტნაკლებად დასტაბილურდა.

თითქმის ყველა უწყების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ  პროექტებს შეეხო. მისი თქმით, ყველა დიდი თუ მცირე პროექტი რეგიონების გაძლიერებას და  ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ემსახურება და რომ,  გეგმაზომიერად ახორციელებენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერების პოლიტიკას.  მისივე თქმით, 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და გაგრძელდება მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერა. გააჟღერა ინიციატივებიც, რომლებიც   მრავალშვილიან ოჯახებს ეხებათ.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა მათ დაეხმარება საცხოვრებელი სახლის შეძენაზე, ანუ მათ  საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით.  ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის - ვაქცინის შემოტანაზე კი დაზუსტებით თქვა, რომ  დამატებით დოზებს ქვეყანა უახლოეს დღეებში მიიღებს.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა. მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს,  რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები და  გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში