10 კაცი ერთს დასდევდა, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას - კახა კუჭავა 

06 ივლისი 2021, 13:25 1251 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ჰომოფობიური დაჯგუფებების მიერ, გუშინ გამართულ აქციასა და მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს გამოეხმაურა. 

კახა კუჭავამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ძალადობა ყველა მხრიდან დასაგმობია.

''არ ვიცი, რა დავარქვათ იმას, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო უბრალოდ სამარცხვინო, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება, ქმედებები, რომელსაც უბრალოდ არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით – მაგრამ. არანაირი მაგრამ. არ შეიძლება, გამართლებული იქნას ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და ყველას მხრიდან აუცილელბლად დასაგმობია.

ისტორიულად, ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემისკენ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი რომ ერთ-ერთს დასდევს, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას.

ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ და არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხონ მათი საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე გავაკეთე განცხადება, შემდეგ რა კადრებიც ვიხილე, უბრალოდ შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანისგან მკაცრად გაკრიტიკებული არ იყოს. მსგავს სიძულვილს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ აქვს.

ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ალბათ ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნე, რაც მოხდა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ოფისების დარბევა, რა კადრებიც ჩვენ ვიხილეთ, არ შეიძლება, რამენაირად გამართლებული იყოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  აცხადებს, რომ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა და დაისაჯოს.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში