ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა, ასევე სრულდება პირობები, რომელიც შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო - პრემიერი

19 ივლისი 2021, 12:54 1173 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის 19 აპრილის შეთანხმება, მოახლოებული არჩევნები და საარჩევნო რეფორმა. 

​''გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი მიშელთან. მივაწოდე ინფორმაცია, როგორც სრულდება ნაკისრი ვალდებულება ჩვენი მხრიდან. ვუთხარი, რომ ვართ მოტივირებული და მივყვებით პროცესს. ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არა აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც არის ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და სიტუაციის დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. 

შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და ტრანსფარენტული. ასევე პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდითა და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის მიეცეს საშუალება ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის.

ამასთან, მქონდა საუბარი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ და რომ გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან. ვუთხარი, რომ ვართ მოწადინებული, მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

მედიის წარმომადგნელების შეკითხვებს პრემიერ-მინისტრმა არ უპასუხა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში