''ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის მთავრობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

22 ივლისი 2021, 11:45 1290 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აჭარის მთავრობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. 

რეზო ხარაზის მტკიცებით, “აჭარის წყლის ალიანსი” მუნიციპალიტეტებში წყალმომარგებისა და წყალარინების პროექტისთვის 59 მილიონ ევროს ხარჯავს, მათ შორის იმ სოფლებში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე განხორციელებული იყო. მისივე თქმით, რამდენიმე დასახლებაში სამუშაოები 2019 წელს ჩატარდა და 11 მილიონი დაიხარჯა.

ოპოზიცია პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს მიმართავს და საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

"გამჭვირვალე უნდა იყოს 59 მილიონი ევროს ხარჯვის პროცესები. აჭარაში წინასაარჩევნოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით იწყება მოჩვენებითი პროექტი, რადგან ყველაფერი ამ პროექტში გასაიდუმლებულია. მივმართავთ აჭარის პროკურატურას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეისწავლოს 2013-2019 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დახარჯული თანხების მიზნობრიობა, მეორე მხრივ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადოს წინასწარი დასკვნა ''აჭარის წყლის ალიანსის'' მიერ განსახორციელებელ პროექტებზე.

 ამ პროექტით  დაინტერსებულია "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანია, შემიძლია ერთი დავასახელო,  შპს "გზა". ამიტომ მივმართავთ პროკურატურას და აუდიტის სამსახურს, რომ განისაზღვროს მიზნობრიობა, შესწავლილი იქნას წარსულში გახარჯული თანხები და დაიდოს ის შედეგი, რომელიც რეალურად მიმართული იქნება ხალხის საკეთილდღეოდ" - განაცხადა რეზო ხარაზმა.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წერილობით უპასუხეს. უწყებაში აცხადებენ, რომ კონკრეტული პარტიის განცხადება ემსახურება ტყუილის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების ისტორიული პროექტი მიმდინარეობს. განახლებული სისტემებით სარგებლობას აჭარის 41 სოფელში მცხოვრები 5829 ოჯახი, ჯამში დაახლოებით 30000 ადამიანი შეძლებს. აჭარის სოფლებში წყალარინების სისტემა არასდროს არ განახლებულა! და ეს არის პირველი პროექტი, რომლის ფარგლებში დღეისათვის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავსი მასშტაბის პროექტი ხორციელდება.

აჭარის მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემით ისარგებლებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შპს „გზა“ არ ახორციელებს არანაირ წყლის სისტემის სამუშაოებს! ამ ეტაპზე kfw ბანკის სტანდარტებით სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერი მიმდიმარეობს. 

გერმანია-საქართველოს შორის ფინანსური თანმშრომლობის ფარგლებში და ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოსთან, აჭარაში აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სოფლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ასევე ტურიზმის სტიმულირებას. მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა'' - წერია ინფორმაციაში. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში