„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

28 ივლისი 2021, 14:26 1617 ნახვა

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

მისივე განცხადებით, მაშინ, როცა მთავარი ოპოზიციური ძალა არ უერთდება, ხოლო სხვა ოპოზიციური ძალები მუდმივად არღვევენ შეთანხმებას, “ქართული ოცნება” იყო ერთადერთი, რომელიც შეთანხმებას ასრულებდა. თუმცა დღეს კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება ანულირებულია.

„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ  მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს. ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში