"ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებას გაუქმებულად აცხადებს - რას ფიქრობენ ოპოზიციაში 

28 ივლისი 2021, 15:43 1632 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მმართველი პარტია მზადაა, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები მაშინაც კი, თუ 43 პროცენტზე მეტ ხმას, 53 პროცენტს მიიღებენ, თუ ოპოზიცია კონკრეტულ პირობას შეასრულებს. ეს კი ''ქართული ოცნების'' კეთილი ნება იქნება. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს არის უარის თქმა ევროპაზე, აშშ-ზე, ქვეყნის ყველა პარტნიორსა და მოქალაქეზე.

"შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! 5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას, საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატებიც აკრეს - არაფერმა არ უშველა. მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი ჭკუა არ ყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო და გადაწყვიტეს.

ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების! ესა მათი მიზანიც — სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის! არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!", - წერს ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში. 

''ევროპული საქართველოს'' ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ეს არის მორიგი უტიფარი განცხადება.

ბოკერიას თქმითვე, აღნიშნული გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მთავრობის სიტყვას „ნული აქვს ფასი“.

''ეს ადასტურებს იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორად, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი. რაც ყველაზე უფრო მთავარია, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სახიფათო და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩვენების დანიშვნა“, - განაცხადა ბოკერიამ.

“ქართული ოცნების” მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადების შემდეგ კი “ლელო” ოპოზიციურ პარტიებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან კონსულტაციებს აანონსებს. 

“ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა და რადიკალიზაციის გზა”, აცხადებს მამუკა ხაზარაძე. ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება, არ გამოირიცხება ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის საკითხიც. 

“ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი, რომ 43%-ს ვერ დააგროვებდნენ. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალებს, დავიწყოთ სასწრაფოდ კონსუტლაციები, ხაზზე ვართ საერთაშორისო პარნტიორებთან. ხელისუფლების ამ დესტრუქციულ განცხადებას არ მივცემთ საშუალებას, გატარდეს ცხოვრებაში და ოპოზიციასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტლებას, თუ რა ნაბიჯები გადავდგათ'' - განაცხადა ბრიფინგზე ხაზარაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" 43%-ის მიღება არ შეუძლია, ვადამდელი არჩევნების თავიდან არიდება სურს და სწორედ ამიტომ მათი ქმედებები ნაბიჯ-ნაბიჯ მიმართული იყო შეთანხმების ანულირებისკენ.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი კი მიიჩნევს, რომ თავისი ქმედებებით და განცხადებებით "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს აძლიერებენ. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში