„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

28 ივლისი 2021, 17:48 1024 ნახვა

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. “ქართული ოცნება” ტრადიციულად ოპოზიციას ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. ამიტომ მათი აზრით, თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ჩამოვიდნენ და რომლის მიღებაშიც რამდენიმე ქვეყნის ელჩი მონაწილეობდა.  კობახიძემ არჩევნებზე ახალი ზღვრის შესახებ ისაუბრა და პირობაც დააყენა. “ქართული ოცნება” უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაში ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის. შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, ახლა კი ეს დათქმა აღარ არსებობს. განცხადების შემდეგ ჟურნალისტებს ჰქონდათ კითხვები მმართველი გუნდის წევრებთან, თუმცა მათ არც ერთმა ლიდერმა არ უპასუხა, მათ შორის ქვეყნის პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში