ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მფლობელები აქციას მართავენ და სესხების სუბსიდირებას ითხოვენ  

18 აგვისტო 2021, 16:37 1509 ნახვა

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში საოჯახო სასტუმროების მფლობელები შეიკრიბნენ. მათი თქმით, გასული წლის მსგავსად ტურისტული სეზონი წელსაც ვერ შედგა, რის გამოც ბანკის სესხების გადახდას ვერ ახერხებენ. 

მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას ტურისტული სეზონის წინ აღებული კრედიტების სუბსიდირებაში დახმარებას სთხოვენ. 

აქციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია დარიცხული პროცენტის სრულად ჩამოწერა და საწყისი თანხის გადავადება ყოველგვარი დანამატის გარეშე, რადგან მათივე თქმით, ისინი დამატებული პროცენტების გადახდას ვერ ახერხებენ.

მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, თუ მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდება, პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტავენ. 

აქციის მონაწილეებთან იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი განცხადებით, ქობულეთის მოსახლეობა ფინანსურად დამოკიდებულია საოჯახო სასტუმროებისგან მიღებულ შემოსავალზე.

''ტურისტული სექტორი აჭარაში პანდემიამ საგრძნობლად დააზარალა. აქედან გამომდინარე, ქობულეთში მცხოვრებ მოსახლეობას, ბანკებიდან გამოტანილ სესხებს ვერ იხდის და იძულებული ხდებიან გარეთ გამოვიდნენ და გააპროტესტონ. დღეს გამაფრთხილებელი აქცია. მოთხოვნაა პირადად ბატონი თორნიკე რიჟვაძე ჩამოვიდეს და დაელაპარაკოს ხალხს, რომლებიც ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გამო დაზარალდნენ'' - ​განაცხადა ბაკურიძემ. 

საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა აქცია ორი დღის წინაც გამართეს. მოქალაქეებს მაშინ ფინანსა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში