მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ცხელი ხაზის და ონლაინ კლინიკების მუშაობაში - გაერთიანებული ოპოზიცია

19 აგვისტო 2021, 12:43 1271 ნახვა

"გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებმა დღეს ბათუმში ბრიფინგი გამართეს.

მათი განცხადებით, კორონავირუსით ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება, რაც მოქმედი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პანდემია მათი საერთო გამოწვევაა. ისინი მზად არიან ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით,  საკუთარი რესურსით ჩაერთონ ცხელი ხაზის მუშაობაში და საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას ონლაინ კლინიკების დახმარებით.

ცხელი ხაზის ნომერია 555 70 07 72.

მათივე თქმით, მოქალაქე, რომელიც აღნიშნულ ცხელ ხაზზე დაუკავშირდება კონსულტაციას კვალიფიციური, პროფესიონალი გუნდისგან მიიღებს.

გაერთანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მონაწილეობა მიიღონ საველე ჰოსპიტალების მუშაობაში, აცრების ხელმისაწვდომობის გაზრდაში.

"ვთავაზობთ ხელისუფლებას სოფლის ლაბორატორიები გამოვიყენოთ ვაქცინაციისთვის. მათ ამისთვის აქვთ საჭირო გამოცდილება და რესურსი.

აუცილებელია სოფლის ამბულატორიების მუშაობის გაძლიერება, მედპერსონალის გადამზადება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოხდეს საჭირო საწოლფონდის მობილიზება, მათ შორის კრიტიკული საწოლების"-აცხადებენ ოპოზიციაში.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში