სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას მედიაზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული 10 პირი პატიმრობაში დატოვა

25 აგვისტო 2021, 18:41 621 ნახვა

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარით საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ათივე პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, ვინაიდან მათი განმარტებით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეები.

დაცვის მხარე აღნიშნულს არ ეთანხმებოდა და დაკავებულების ნაწილის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი, კერძოდ: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე 27 პირი დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში