პოლიტიკური დაპირისპირება 30 წლის განმავლობაში მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის - NDI

09 სექტემბერი 2021, 15:44 1099 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებით, "პოლიტიკური დაპირისპირება, რომელმაც ქართული პოლიტიკა სრულად მოიცვა, 30 წლის განმავლობაში მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის". NDI-ის მიერ გავრცელებულ კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ პარტიებს მოქალაქეთა საჭიროებებზე ფოკუსირებითა და დემოკრატიული პრინციპების დაცვით არჩევნების მიმართ ნდობის განმტკიცება შეუძლიათ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ონლაინშეხვედრები გამართა.

''შეხვედრები მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის  მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავდა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს.

ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში სანიმუშო ადგილს იკავებდა, რასაც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გატარებული დემოკრატიული  რეფორმები ამყარებდა. ბოლოდროინდელი საარჩევნო რეფორმების შედეგად მიღებული სამართლებრივი ჩარჩო პროპორციულ წარმომადგენლობაზე და კონსენსუსზე ორიენტირებულ სისტემას უწყობს ხელს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში საკვანძო და აქტიურ როლს თამაშობენ, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მიუკერძოებელ დაკვირვებას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ NDI-ის 2021 წლის თებერვლის საზოგადოების აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური ლიდერების თანამშრომლობისა და დემოკრატიული მისწრაფებების განხორციელების იმედი აქვს'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

არჩევნების დღემდე, დაახლოებით სამი კვირით ადრე, საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით, NDI-ს შემდეგი რეკომენდაციები აქვს, რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებას: 

• ყველა ჩართულმა მხარემ პატივი უნდა სცეს საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების უფლებას, რომ თავიანთი საზედამხედველო საქმიანობა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში განახორციელონ. ასევე, დაცული უნდა იყოს იმ პირების უფლებები, რომლებიც კამპანიისა და ხმის მიცემის პროცესებში არიან ჩართულნი. მთავრობამ ამ უფლებების დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მომზადება და აღჭურვა უნდა უზრუნველყოს.

• ხელისუფლებამ ძალადობის, დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დამნაშავეების პასუხისგებაში დროული მიცემა უზრუნველყოს.

• საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა მიღებული საჩივრები სწრაფად, გამჭვირვალედ და სათანადოდ განიხილოს, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი დამატებითი ნაბიჯები გადადგას.

• ყველა პარტიის მხარდამჭერმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ძალადობისა და დაშინებისგან. პოლიტიკურმა პარტიებმა დროულად უნდა შემოიღონ და გამოიყენონ შიდა სანქციები მათთვის, ვინც ამ პრინციპებს დაარღვევს.

• პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აწარმოონ საკითხებზე დაფუძნებული, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული კამპანიები და გამოიყენონ მაუწყებლების მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაერთონ დებატებში და საზოგადოებას თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგი წარუდგინონ.

• არჩევნებამდე, არჩევნების განმავლობაში და შემდეგ, ყველა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და კონსტრუქციული დიალოგის გზით რეფორმების გატარებას შეუწყოს ხელი, რაც 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით იქნება განპირობებული. ასეთმა კურსმა, შესაძლოა, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მოახლოებული არჩევნები ნამდვილი პოლიტიკური რეფორმების საწყისი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში