აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 ოპოზიციონერ დეპუტატს შესაძლოა უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტოს

20 სექტემბერი 2021, 13:47 2690 ნახვა

დღეს, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში,  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრების - გია აბულაძისთვის, ლევან ანთაძისთვის, ელგუჯა ბაგრატიონისთვის, მედეა ვასაძისთვის, გიორგი კირთაძისა და მამული სურმანიძისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

როგორც აღინიშნა, საკითხის განხილვა 2021 წლის საგაზაფხულო სესიის მორიგი პლენარული სხდომების, ნახევარზე მეტი, არასაპატიო მიზეზით გაცდენამ განაპირობა.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომელიც ასეთ შემთხვევაში არასაპატიო მიზეზით გამცდენი უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს.

"რეგლამენტი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა უმაღლესი საბჭოს წევრი სასესიო პერიოდის განმავლობაში არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მას შეუწყვიტოს უფლებამოსილება. ჩვენს კოლეგებს ზოგს სრულად აქვს გაცდენილი, ზოგს ნახევარზე მეტი, ამიტომ მივიღეთ დღეს ჩვენ ეს გადაწყვეტილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ, უახლოეს მომავალში, პლენარულ სხდომაზე .

 

2 კოლეგას აქვს გაცდენილი სამივე სხდომა, დანარჩენებს ორი სხდომა. აქ არ ითვლება რიგგარეშე სხდომებზე დასწრება, ისინი შეიძლება რიგგარეშე სხდომებს დაესწრნენ, თუმცა მორიგ კალენდარულებზე აქვთ გაცდენა. ესენია მედეა ვასაძე, გიორგი კირთაძე, მამული სურმანიძე, ლევან ანთაძე..."- განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

მედეა ვასაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ვერ გაბედავს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭიროს მხარი.

"გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების შემდეგ მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გარკვეული დროის განმავლობაში საბჭომ ვერ გაბედა ამ გადაწყვეტილების მიღება. ამ დროისთვის საპროცედურო კომისიამ განიხილა ეს საკითხი პერსონალურად ყველა ჩვენგანის და მისცა თანხმობა სხდომაზე გატანის. 

 

მას შემდეგ, რაც უმაღლეს საბჭოში შევიდა ოპოზიცია, არავის სხდომა არ გაგვიცდენია, ერთი დეპუტატის გამოკლებით, ვმუშაობთ როგორც კომიტეტებში, ასევე პლენარულ სხდომებზე. მე ვფიქრობ ეს განცხადება ექვემდებარება განხილვას, ე.წ ჩამოწერას. 

ასეთი ნორმა და რეგულაცია დევს უმაღლესის რეგლამენტში. მაქვს მოლოდინი, რომ მხარს არ დაუჭერენ, მაშინ როცა შედარებით დალაგება დაიწყო სიტუაციამ. ჩვენ შეიძლება მათ სხვა კუთხით ვუშლიდეთ ხელს, მაგრამ თუ პირველ ეტაპზე ვერ გაბედეს, ახლაც ვერ გაბედავენ და განხილული იქნება და ჩვენი განცხადება წერილობითი განცხადებით ჩამოეწრება უმაღლეს საბჭოს"-განაცხადა მედეა ვასაძემ.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, გია აბულაძე, რომელსაც ყველაზე მეტი გაცდენა აქვს ამბობს, რომ ,,ოცნება'' ვერავის ვერ შეაშინებს. მისივე თქმით, მან თავის დროზე ბოიკოტი გამოაცხადა და საბჭოსაც მიმართა, თუმცა მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულის გამო საკანონმდებლო ორგანოში სიარულის საჭიროებას ვერ ხედავს. თუ როგორ აპირებს მომავალში საბჭოში მუშაობის გაგრძელებას, ამას  გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს.

საკითხს კანონმდებლები უმაღლეს საბჭოს სხდომაზე უყრიან კენჭს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში