უხვი ნალექის შედეგად მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები განვითარდა

26 სექტემბერი 2021, 11:18 3057 ნახვა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ქედის მონაკვეთზე, ჩამოწოლილი მეწყრის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. სოფელ დოლოგანთან მეწყერი, გვიან ღამით ორ ლოკაციაზე განვითარდა, რამაც საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეაფერხა. ამ დროისთვის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე ცალმხრივადაა შესაძლებელი. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კვლავ, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ქედაში მეწყერი შიდა საავტომობილო გზებზეც განვითარდა. მათ შორის ქვედა და ზედა ბზუბზუს, მახუნცეთის, გოგინიძეებისა და კოლოტაურის საავტომობილო გზებზე. ხუთივე ლოკაციაზე მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი.

ქედის მერიის ცნობით, მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა, სოფელ დოლოგანში, ხარაულასა და აგარაში, რომელიც  საკარმიდამო ნაკვეთებში დაფიქსირდა. 

ამ დროისთვის მერიის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია მდგომარეობას ადგილზე სწავლობს. საჭიროების შემთხვევაში პროცესში გეოლოგები ჩაერთვებიან.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს. აქაც მეწყერი ძირითადად საავტომობილო გზებზე განვითარდა, რაც შეეხება ღურტისა და გოდერძის უღელტეხილზე არსებულ მთასთან დამაკავშირებელ გზას, მოძრაობა შეუზღუდავად მიმდინარეობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში