სააკაშვილი არის ტაკიმასხარა, ლაჩარი და ის ვერასოდეს გაბედავს გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი - თორნიკე რიჟვაძე

01 ოქტომბერი 2021, 13:41 6527 ნახვა

იმდენად მოუძველდათ მეთოდები მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს, რომ უკვე ფეიკ ვიდეოებსაც ხარისხი მიაკლეს​-ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

თორნიკე რიჟვაძემ კითხვას იუმორით უპასუხა და თქვა, რომ გუშინ სააკაშვილი და ვარშალომიძე გოდერძიზე ქეიფობდნენ, კაიმაღი მეტი მოუვიდათ და დღეს თქვეს, რომ გვაცალეთ ჩაბარებამდეო.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის ტაკიმასხარა, ლაჩარი და ის ვერასოდეს გაბედავს გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი.

"ღიმილის მომგვრელია, რა შეიძლება ვთქვა, უფრო მეტს გეტყვით, სააკაშვილი და ვარშალომიძე გოდერძიზე ქეიფობდნენ, კაიმაღი მეტი მოუვიდათ და დღეს თქვეს, რომ ვაცალოთ ჩაბარებამდე.

ახლა ცოტა სერიოზულად: პირველი, იმდენად მოუძველდათ მეთოდები მოდელირებული ქრონიკის, მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს, რომ უკვე ამ ფეიკ ვიდეოებსაც ხარისხი მიაკლეს და ეს კიდევ ერთხელ არის დაცინვა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს, მათი მხარდამჭერების, ამომრჩევლების აბუჩად აგდება და დარწმუნებული ვარ ამაზე, ძალიან მალე საკადრის პასუხს მიიღებენ,  ძალიან მალე, ხვალ არჩევნებზე.

მინდა ეიფორიაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით კი ,,ნაცმოძრაობას'' ვუთხრა, ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ამ მსჯავრდებული პრეზიდენტის გამბედაობის შესახებ, ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს ვერ გაბედავს გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი. ამაში დარწმუნებული ვარ.

ის ნარატივი, რომელიც მათ განავითარეს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არავის შეეშალოს, რომ ახლა პრემიერი არის ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი არის ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი და მერწმუნეთ როგორც სახელმწიფო საზღვრები, ისე ჩვენი ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თითოეულ მოქალაქეს, ორ ოქტომბერს, განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოუწოდა.

,,ხვალ ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება,  მეორეს მხრივ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ კლოუნადის და მოდელირებული ქრონიკის შემქმნელების ასპარეზი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხვალ პირველივე ტურებში გავიმარჯვებთ.

ვინც ჩვენს სახელმწიფო საზღვარს დაარღვევს ყველას დააკავებენ. განსაკუთრებით იმ სუბიექტებს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენია დამდგარი. ამიტომ ზედმეტ ეიფორიას არ გირჩევთ. ეს იქნება რამდენიმე საათიანი აჟიოტაჟი. ხვალ ეს არჩევნებიც დასრულდება და ქვეყანა განაგრძობს მშვიდ განვითარებას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში