ხელისუფლების რეაქცია არ არის ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს - პრეზიდენტი

01 ოქტომბერი 2021, 16:45 843 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კომენტარები დღეს პარტია ''ქართული ოცნებიდან'' კი არა, სახელმწიფო უწყებებიდან უნდა მოდიოდეს, რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ.

პრეზიდენტის განმარტებით, სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს, თუ კი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს.

''არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში... ეს იმ დროს როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში.

მართალი თუ ტყუილი ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას.

ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და მით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ უწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება.

მეორეს მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არა მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით.

პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია.

საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენ საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებელი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს თუ კი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო მჯერა არ დაბრუნდება დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქეები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგის და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას ვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ.

ქვეყნის სტაბილურობა არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ'' - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში