მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

01 ოქტომბერი 2021, 22:39 1016 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში დაადასტურა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულია საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი იმისათვის, რომ მივიღოთ ინფორმაცია დაკავების საფუძვლებზე“ - განაცხადა ნიკოლენკომ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა კი „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წუხს საქართველოდან მიღებული სიახლეებით, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

„ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს. პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წუხს და შეშფოთებულია ამგვარი ამბებით. საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით, სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინა ქართულ მხარეს სთხოვს განმარტებას უკრაინის მოქალაქისადმი ასეთი ნაბიჯის გადადგმის ყველა გარემოებისა და მიზეზის შესახებ“, - წერს ნიკიფოროვი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში