სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ - პრემიერი სააკაშვილის დაკავებაზე 

02 ოქტომბერი 2021, 11:51 1165 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა. თქვა, რომ ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. 

პრემიერმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზეც. განაცხადა, რომ სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ.

''ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ვფიქრობ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და სრულად გაკოტრებული, მგონი, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ.

ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს, თქვენ წარმოგიდგენიათ და მათ წარმოუდგენიათ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი მშვიდობიანი დამდგარიყო. შევარჩიეთ ის დრო და მომენტი, როცა სააკაშვილი იყო ამ ბინაში მარტო.

ვფიქრობ, რომ ის, რაც ვთქვით, გავაკეთეთ. რაც შეეხება უკრაინულ მხარესთან ურთიერთობას, მე უკრაინულ მხარეს მადლობას ვუხდი საჯაროდაც, ვინაიდან ჩვენ ბოლო პერიოდში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს. თუნდაც, მეგის ქარდავას საქმე, ახლა უკვე სააკაშვილის საქმე მგონი მიუთითებს, რომ გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა. დანარჩენი გვესმის, რომ არის ფორმალური ხასიათის განცხადებები. პროცესი მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის გამჭვირვალე, ღია და ჩვენ კითხვებს პასუხგაუცემელს არ დავტოვებთ.

პოლიცია ყოველთვის აფასებს რისკებს და ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები. ამის თაობაზე რა რისკები იყო, თვითონ შს სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახურები გააკეთებენ დამატებით კომენტარებს. მე დეტალების გამჟღავნებისგან თავს ვიკავებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში