მე მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება - ვლადიმერ ზელენსკი

03 ოქტომბერი 2021, 14:03 3327 ნახვა

უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ტრუსკავეცკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და რომ ის, როგორც პრეზიდენტი, მუდმივად არის დაკავებული მოქალაქეების დაბრუნების საკითხით.

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საშუალებით, რომელიც მე მაქვს ჩემი ძალაუფლების ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუცია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოების ჩათვლით, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და საქართველოს ელჩის დონეზეც, რომელიც მუშაობს უკრაინაში, ჩვენი მინისტრთა კაბინეტის საუბრის დონეზეც, პრემიერ-მინისტრების საუბრის დონეზე - ჩვენ ყველა ვიქნებით ამით დაკავებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც ამის შესახებ მედიიდან შეიტყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში