საქართველომ ჩაატარა კონკურენტული და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნები თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის - ევროპარლამენტარები

06 ოქტომბერი 2021, 10:08 1041 ნახვა

გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, ჩაატარა კონკურენტული და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერისა ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარების შეფასებით, არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა.

"„გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნების პირველი რაუნდი ჩაატარა, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი"- ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ 43% -იანი ბარიერი გადალახა.

„ჯეროვან ყურადღებას ვაქცევთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოცხადებულ შედეგებს - მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს ხმების 46.6% და გადალახეს 43% -იანი ბარიერი, რაც ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა.

ეს არჩევნები ჩატარდა არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. ამომრჩეველს მიენიჭა რეალური არჩევანის საშუალება სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის, არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია. კენჭისყრის დღემ ჩაიარა მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად გარკვეული პროცედურული პრობლემებისა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო და პირველად მოხდა მისი ტრანსლირება, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში