არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის - მიხეილ სააკაშვილი

07 ოქტომბერი 2021, 19:05 1052 ნახვა

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ მიმართვაში მხარდამჭერებს მიმართავს და წინასაარჩევნო აქციებისთვის მომზადებას სთხოვს.

"არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და პირველ ტურში გამარჯვებულ ყველა ჩვენს კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ხაშური, წალენჯინა, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე, არამხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურებში გასული მაჟორიტარები. უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან „ოცნება“ თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას, ამიტომ მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის.

მე ყოველწუთიერად ვგრძნობ სატუსაღოში თქვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანია, სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე არ დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამე ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც არ მინახავს. მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღე იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე. ყველა ჭორი, რომელსაც ახლა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუს-ი ავრცელებს, არის მთლიანად დასაიგნორებელი. ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებაზე და ერთმანეთზე გადაკიდებაზე.

ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადება. მინდა, იცოდეთ, ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან აქ ჩემი ბრძოლის სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, პირიქით, უნდა იყოთ კარგ ფიზიკურ და მორალურ ფორმებში გადამწყვეტი ბრძოლისთვის“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში