ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს - კარლ ჰარცელი

21 ოქტომბერი 2021, 11:05 969 ნახვა

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა გააკეთა. 

კარლ ჰარცელის თქმით, მათი ყურადღება ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობისკენაა მიპყრობილი. 

''როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის დელეგაციის მუშაობას საქართველოში, ცხადია, თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს. ჩვენი ყურადღება ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაზეა მიპყრობილი, რაც ფუნდამენტური საწყისია ევროკავშირისთვის.

გამჭვირვალე და სამართლიან სასამართლო პროცესს მოველით, რომელიც ამ საქმეებთან დაკავშირებით წარიმართება. ჩვენ ვიღებთ და მივყვებით რჩევებსა და შეფასებებს, რომლებსაც ვიღებთ მთავარი მხარეებიდან, მათ შორის სახალხო დამცველისგან, რომელსაც სპეციფიკური მანდატი გააჩნია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ევროპარლამენტარების წერილზე, კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, რომელსაც დეპუტატები ინდივიდუალურად აწერენ ხელს, კომენტარს არ გააკეთებს.

''მე, როგორც ყოველთვის, კომენტარს არ გავაკეთებ წერილზე, რომელსაც ინდივიდუალურად აწერენ ხელს დეპუტატები, ასევე, არ გავაკეთებ კომენტარს იმ კომენტარებზე, რომელიც ამ წერილთან დაკავშირებით გუშინ გაკეთდა.

ევროპული პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომელიც ხელს აწერს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპარლამენტის მუშაობაში და რა თქმა უნდა ევროპარლამენტში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე და თავად საქართველოზე'' - განაცხადა ელჩმა. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში