კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ქინძი იყო, ორი დღე პროდუქტებთან ერთად მოგზაურობდა, კატასტროფაა - პრემიერი

22 ოქტომბერი 2021, 12:05 1164 ნახვა

როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ამის შემდეგ ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თვითონ სააკაშვილის გუნდის წევრებიც კი გარბიან, იმიტომ, რომ მათი ბელადი დიდხანს იქნება ციხეში.

"როგორ შეიძლება გუშინდელი კადრების შემდეგ, ამ არასერიოზულ კაცს, ვიღაცამ კიდე მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს. კაცი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის, რომ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა 2 დღე.

კატასტროფაში ვართ პირდაპირ, როცა ეს ადამიანი ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას, ახლა უკვე ციხიდან, პოლიტიკაში დარჩენაზე. მაგრამ მე მჯერა ჩვენი მოსახლეობის.

ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ, მოვიგებთ ამ არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. მთავარი ჩვენი ამოცანა იქნება საქმე და მხოლოდ საქმე"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში ადოლფ ჰიტლერს ბაძავს, თუმცა ყალბია.

"შედარება მინდა გავაკეთო, პარადოქსული და არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის შედარება ჰიტლერთან, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, გამოდის "ფეიკი" ჰიტლერი. როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მან დაიწყო შიმშილობა და ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა. დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში.

ეს დაახლოებით იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერს კიდევ მოეთხოვა ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ხალხს და მსოფლიოს რომ დაეჯერებინა, ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა. ამ კაცმა დაანგრია ქვეყანა, გადაუარა ქვეყანას, აწამა, ტანჯა, დახოცა პირდაპირ ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ომი წააგო და ჩააბარა კოდორი, სოფლები და შემდეგ ქვების გროვა უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს.

როგორ შეიძლება, დღეს ნებისმიერ მოქალაქეს, მაჩვენეთ მაშინ, ვინ აძლევს ამ ადამიანს ხმას. ეს არის სირცხვილი, დანაშაული და ამ დანაშაულში თანამონაწილეობა. მინდა, მათ ამომრჩეველს მივმართო. ძვირფასო ხალხო, ეს არის შეცდომა, მესმის, რომ შეიძლება ყველა არ არის კმაყოფილი დღევანდელი ხელისუფლებით, ეს ნორმალურიც არის. ჩვენთვის, ერთი მხრივ, ეს არის გაკვეთილის მომცემი, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტი უნდა ველაპარაკოთ ამომრჩეველს, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მათ ამომრჩეველსაც, რომ გავაგებინოთ რეალური სხვაობა თეთრსა და შავს შორის. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში