მონაცემი ადასტურებს, თუ რამდენად ყალბი იყო ოპოზიციის მიერ აგორებული ე.წ გაყალბებული არჩევნების კამპანია - შალვა პაპუაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 11:42 834 ნახვა

სტატისტიკური მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ყალბი იყო ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილმა საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შეჯამებული მონაცემები გააცნო.

"რამდენიმე დღის წინ საარჩევნო ადმინისტრაციამ შეაჯამა 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, 64-დან 44 მუნიციპალიტეტში მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მეორე ტურებში გავიდა ყველა ჩვენი კანდიდატი, ქვეყნის მასშტაბით მოვიპოვეთ საკრებულოს მანდატების 65% და გავიმარჯვეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ხალხის ნდობის ე.წ. რეფერენდუმში.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების დღე, ხმის მიცემის და დათვლის პროცესი შეაფასეს როგორც კარგად ორგანიზებული და ამაში ცესკო-ს როლი განსაკუთრებით აღნიშნეს. დღეს გვინდა, წინა არჩევნებთან შედარების ჭრილში, წარმოგიდგინოთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ყალბი იყო ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებული ე.წ. „გაყალბებული არჩევნების“ კამპანია. პარლამენტის ექვსთვიანი საბოტაჟის პირობებში, რომელიც ფასილიტაციისა და მედიაციის ფონზე მიდიოდა, ისინი რიცხვების მანიპულირებით და დასკვნების ფაბრიკაციით პირდაპირ ატყუებდნენ, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს.

ჩვენ ვნახეთ, რომ წელსაც იყო იგივე მცდელობა. წელსაც ვიხილეთ ოპოზიცია, რომელიც აფრიალებდა ე.წ. გაყალბებულ ბიულეტენებს და ოქმებს, ქვეყნის მტრად და თავდასხმის ობიექტად აცხადებდა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მაგრამ წელს საარჩევნო სტატისტიკით მანიპულაციის მათი მცდელობა თავიდანვე ჩაიშალა. გადამწყვეტი როლი ამაში საარჩევნო რეფორმისას ჩვენი ინიციატივით ჩადებული უბნების 10% გადათვლის მექანიზმმა შეასრულა, რაც სტატისტიკურად იმდენად დიდი და რეპრეზენტატული ოდენობაა, რომ ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი დაუსვა. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ცესკოს აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში ოპოზიციის ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში